თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, 26 აპრილს ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოს მუსიკოსის ოჯახის წევრები, ჯანსუღ კახიძის მეუღლე და შვილები, ვახტანგ და თეკა კახიძეები დაესწრებიან.
ღონისძიება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობას მომღერალი ეკა მამალაძე, ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“ მიიღებენ.
ჯანსუღ კახიძის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის მოწვეული ლექტორი ვალერი ასათიანი ისაუბრებს.
საღამოზე ნაჩვენები იქნება მუსიკოსის ცხოვრების და მოღვაწეობის ექსკლუზიური კადრები. ვიდეოში, რომელიც ოჯახის წევრებმა შექმნეს, ჯანსუღ კახიძე თავად მოუყვება სტუდენტებს საკუთარი შემოქმედების შესახებ, იდირიჟორებს და იმღერებს.
საღამოზე შესრულდება ჯანსუღ კახიძის სიმღერები ეკა მამალაძის და ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით , აკომპანირებას ვახტანგ კახიძე გაუწევს.
დასასრულს, ოჯახის წევრები და მეგობრები სტუდენტთა კითხვებს უპასუხებენ.