თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ეს ნაშრომი სპეციალური, პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამით შეამოწმეს და პლაგიატი ვერ გამოვლინდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა. კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, დასკვნა, რომ ამ ნაშრომში პლაგიატი დასტურდება, ეკუთვნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს — სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეს. პროფესორი კაჭკაჭიშვილი ციტირებს ილიაუნის დასკვნას: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34 პროცენტს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.
ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად აღწერა, თუ რა პროცედურებს მიმართეს პლაგიატის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
„გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ანტიპლაგიატის პროგრამა, შევამოწმეთ რექტორის დისერტაცია. ამ პროგრამამ ამოაგდო დასკვნა, აჩვენა თანხვედრები. ალბათ მოგეხსნებათ, პროგრამა ისე მუშაობს, რომ აჩვენებს, არის რაიმე თანხვედრა, აჩვენებს პროცენტულ მონაცემებსაც და მერე ამ თანხვედრების შესწავლა ხდება.
მე გახლდით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ნახა ეს ტექსტები და რაც შემიძლია, განვაცხადო, გახლავთ ის, რომ ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლებოდა, მიჩნეული ყოფილიყო, როგორც პლაგიატი. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ ამ წინაპირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, რადგანაც განვიხილეთ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და პრინციპში, კითხვები აღარც გაჩენილა მერე ჩვენს სივრცეში“, – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სპეციალური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილ ტექსტში არის ნათქვამი, ვინ მუშაობდა ამ ტექსტის მომზადებაზე, დასახელებულია ის ინსტიტუციები, ვინც ჩართული იყო მათ მომზადებაში.
„პლაგიატი არ დადასტურდა. შესაბამისად, სხვა ყველანაირი კომენტარი აქ გამორიცხულია. როდესაც არ არის პლაგიატი, ვეღარ იქნება ლაპარაკი შესაბამის პასუხისმგებლობაზე.
აქვე ვიტყვი, რომ ბატონ გიას ჰქონდა შეხვედრები როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, აკადემიურ სივრცესთან, სტუდენტებთან და შესაბამისად, თუ რაიმე კითხვა ჰქონდა ვინმეს, დაისვა ეს კითხვები და მათ შესაბამისად, როგორც ჩანს, ამომწურავი პასუხები გაეცა, რადგან ჩვენს სივრცეში მეტი კითხვა არ არის“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ვერ ისაუბრებს იმაზე, თუ რომელი ტექსტი შეამოწმა ილიას უნივერსიტეტმა.
„არ ვიცი, ილიას უნივერსიტეტმა რა ტექსტი შეამოწმა, არ ვიცი, რა დასკვნაა და ამიტომაც, არ შემიძლია, მაგაზე რამე გითხრათ. ჩვენ ვენდობით არა ჩემ მიერ ან ადამიანთა ჯგუფის მიერ შემოწმებულ დისერტაციას, არამედ პროგრამა „თერნითინის“ მიერ შემოწმებულ დისერტაციას. წესით, ერთი და იგივე პროგრამა არ უნდა აჩვენებდეს ამ განსხვავებას. არ ვიცი და ამიტომაც ვსვამ შეკითხვას, რა ტექსტზეა საუბარი. ჩვენ კი გვქონდა სრულად დისერტაციის ტესტი. ჩვენ შევიტანეთ პროგრამაში დისერტაცია, შესაბამისად, დისერტაციის სრული ტექსტი გაატარა პროგრამამ თავისი შემოწმების მექანიზმით და აჩვენა ის, რასაც გეუბნებით“, – აცხადებს ხუციშვილი.
ამასთან, ქეთევან ხუციშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საქმის გასარკვევად.
„ჩემი გადასახედიდან, ყველანაირ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ჩემი სურვილი კი არ უნდა იყოს, თუ ვინმეს თვითონ აქვს რაღაც პრეტენზია, ჩემთან კითხვები, კი, ბატონო, შევხვდებით. უნივერსიტეტში ყველა კითხვა არის პასუხგაცემული. მე აღარ ვიცი, რაღა უნდა ვქნათ მეტი. ვიღაცას თუ აქვს პრობლემა, რომ მათი ინტელექტუალური საკუთრება შეილახა და ასე შემდეგ, ეს არ არის ის სივრცე, სადაც ეს პროცედურები უნდა დაიწყონ. არსებობს სხვა ორგანოები თუ სპეციფიკური დაწესებულებები, საიდანაც შეიძლება აღიძრას ეს საკითხი იმათი მხრიდან, ვინც თავის თავს მიიჩნევს ამ შემთხვევაში დაჩაგრულად. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს“, – აცხადებს ხუციშვილი.
მისივე თქმით, წყაროს მითითებას კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ ზემოთ ხსენებულ ნაშრომში წყარო სრულად არის მითითებული.
„მითითებულია, რა დადგენილებაზეა საუბარი; მითითებულია, ვინ მუშაობდა ამ დადგენილების ტექსტის მომზადებაზე და მითითებულია ინსტიტუციებიც პიროვნებებთან ერთად, ვინც ჩართული იყო დადგენილების მომზადების პროცესში. ეს არის ყველაფერი ტექსტში. ვისაც აქვს განცდა, რომ მათი უფლებები არის შელახული, მათ უნდა აღძრან ეს საკითხი სათანადო პროცედურის მიხედვით. ჩვენთვის ეს კითხვები არ არსებობს“, – განუცხადა ქეთევან ხუციშვილმა ჟურნალისტებს.