თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება
თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ-ს პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, კონკურსის შედეგად წარმოდგენილი რვა პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს.

საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.

პროექტების წარმოდგენის პროცედურები მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები.