ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა.
თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე წელს „იუნესკოს“ ეგიდით იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება და 22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.