„თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ მძღოლს, რომელიც შატილის გზაზე მიკროავტობუსს მართავდა, 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა
ტურისტული კომპანია შპს „თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
მისი თქმით, მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
ამასთან, ბოლოთაშვილი ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გიდთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.
„მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლოთაშვილმა.
შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
განყოფილებაში იმყოფება ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც კომპანია „თრეველერ ჯის“ მძღოლს გზას ასწავლიდა.
რამაზ სებისკვერაძის განცხადებით, გარდაცვლილმა მძღოლმა შატილში მიმავალი გზა არ იცოდა. მისივე ვარაუდით, მიკროავტობუსს მუხრუჭის პრობლემა ჰქონდა.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.