ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ რეკომენდაციები შემუშავდა
ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით, – აღნიშნული რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის გამო, ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ შეიმუშავა.
გარდა ამისა, ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს დეზობარიერების განთავსებას, პერსონალისა და სტუმრების ინფორმირებულობას, სადეზინფექციო ხსნარების განთავსებას. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას და ა.შ.
„სასწავლო/ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; აუდიტორიებში/სატრენინგო დარბაზებში განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; აუდიტორიები, დარბაზები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების 2 გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; სასწავლო/სატრენინგო პროცესის, დაწყებამდე და დასრულების შემდგომ, ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაუშვებელია ნივთების გაცვლა დეზინფექციის გარეშე.
„უზრუნველყავით გამოყენებული ფართის ყოველ 5მ2 ერთი ადამიანის დაშვება; აუდიტორიაში/დარბაზში უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა; დისტანციის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მსმენელი/პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბებით; არ დაუშვათ მსმენელების განთავსება ერთმანეთის პირისპირ; ჯგუფური ვარჯიშების/მეცადინეობის/სწავლების ან პრეზენტაციის დროს, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენეთ სახის დამცავი ფარი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების/დარბაზებისა და საგამოცდო/ტესტირების სივრცის დალაგება.