ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება.

ამის შესახებ ვიცე-მერმა მერიის სტრუქტურულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მერიის ინფორმაციით, სამსახურს ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ორი ახალი მიმართულება ემატება: ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, რაზეც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც უნდა დაკავდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. უნდა არსებობდეს ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ქალაქმშენებლობითი პროცესები. რასაკვირველია, საჭიროა ისევ და ისევ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურთან კოორდინაცია, თითოეულ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაწყისშივე მონაწილეობა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე არ გვჭირდებოდეს  იმაზე ფიქრი, შეექმნება თუ არა ტრანსპორტს პრობლემა. დაგეგმარების ეტაპზევე უნდა მოხდეს ამ სამსახურის ჩართვა და ამით დაზღვეულები ვიქნებით ყოველგვარი პრობლემებისგან, რაც შეიძლება ტრანსპორტის სისტემაში განვითარდეს“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.