ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სპეციალურმა პროკურორმა სასამართლოში ახალი ბრალდებები წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტისა და მისი ბიზნესპარტნიორის რიკ გეითსის წინააღმდეგ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა ფედერალურ სასამართლოში აქამდე დალუქული ბრალდებები წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლო სხდომის ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი.
ერთგვერდიანი ჩანაწერი, რომელიც კოლუმბიის შტატის ფედერალურმა სასამართლომ გაასაჯაროვა, ახალი ბრალდების შინაარსს არ შეიცავს.
თუმცა, გასულ პარასკევს მიულერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გამოძიებამ დამატებით კრიმინალურ დარღვევებს მიაგნო, რომლებთან კავშირშიც პოლ მანაფორტი მოიაზრებოდა და რომლებიც საბანკო თაღლითობასა და კონსპირაციულ გარიგებებს შეეხებოდა.