The Guardian-ის ინფორმაციით, პოლ მანაფორტმა ჯულიან ასანჟთან ეკვადორის საელჩოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა
The Guardian-ის ინფორმაციით, პოლ მანაფორტმა ჯულიან ასანჟთან ეკვადორის საელჩოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა

პოლ მანაფორტმა ჯულიან ასანჟთან ეკვადორის საელჩოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ The Guardian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი Wikileaks-ის დამფუძნებელს 2016 წელს შეხვდა.

როგორც The Guardian-ი იუწყება, პოლ მანაფორტსა და ჯულიან ასანჟს შორის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. უცნობია, რაზე იმსჯელეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა და სკანდალური ინტერნეტპორტალის დამფუძნებელმა, თუმცა ბრიტანული გამოცემა წერს, რომ შეხვედრა მანაფორტის პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ გაიმართა.

საიდუმლო შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ კი Wikileaks-მა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების ელექტრონული მიმოწერები გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთს მიერ იყო მოპოვებული.

ამასთან, The Guardian-ი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის მოკავშირისა და ჯულიან ასანჟის საიდუმლო შეხვედრით სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი დაინტერესდა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს ხელმძღვანელობს. გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა კავშირი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს რუსეთთან.

ბრიტანულ გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლ მანაფორტი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში მყოფ ჯულიან ასანჟს 2013 და 2015 წლებშიც ესტუმრა.