ტრაილერის მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო
ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერის მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო.
თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.
„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერის მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაც, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა“, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრაილერის მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო სპეცნებართვას არ გასცემდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, ბათუმში მძღოლებთან შესახვედრად დაუყონებლივ გაემგზავრა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აუხსნა შექმნილი ვითარება და მათ პირობა მისცა, რომ თურქულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ნებართვების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.