ტოივო კლაარი - აქ იმისთვის ვართ, სიტუაცია ადგილზე შევისწავლოთ, ძალიან სასარგებლო იყო, რომ ყველაფრის ჩვენი თვალით ნახვის საშუალება მოგვეცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს ხვდება.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები, მათ შორის სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბარიერების აღმართვის თემა იქნება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შეხვედრამდე ტოვიო კლაარმა განუცხადა, საქართველოში ვიზიტის მიზანია, ვითარების ადგილზე შესწავლა. მის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თანათავმჯდომარეებს ადგილზე ჩასვლისა და არსებული მდგომარეობის საკუთარი თვალით ნახვის საშუალება მიეცათ.
„ჩვენ დღეს დილით გავავრცელეთ განცხადება და ჩვენი პოზიცია გავახმოვანეთ. აქ იმისთვის ვართ, რომ სიტუაცია ადგილზე შევისწავლოთ. ძალიან სასარგებლო იყო, რომ ადგილზე ჩასვლის და ყველაფრის ჩვენი თვალით ნახვის საშუალება მოგვეცა“, – განაცხადა ტოვიო კლაარმა საქართველოს პირველ არხთან.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია. ყველა ამგვარი მავთულხლართები, ახლად აღმართული სტრუქტურები აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, ურთულებს მათ ბაღებისადმი წვდომას და ემუქრება სარწყავი სისტემისადმი წვდომას“.