თორნიკე რიჟვაძე - განათლების ქალაქი მომავალ თაობას მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ყველაზე ხარისხიანი განათლება და იყვნენ წარმატებული ადამიანები 
თორნიკე რიჟვაძე - განათლების ქალაქი მომავალ თაობას მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ყველაზე ხარისხიანი განათლება და იყვნენ წარმატებული ადამიანები 

განათლების ქალაქში იქნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს,  მომავალ თაობას შესაძლებლობას, მიიღონ ყველაზე ხარისხიანი განათლება და იყვნენ წარმატებული ადამიანები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ სწორედ ბათუმში გადაწყდა განათლების ქალაქის მშენებლობა.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით შესაბამისი მიწის გამოძებნა და მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს. ინიციატივა, რომელიც მართლა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეა, იდეა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს. მოგვცემს საშუალებას, ყველამ ერთად დავამარცხოთ სიღარიბე და ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ჰქონდეთ უკეთესი და უფრო ღირსეული ცხოვრების პირობები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტრო იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახორციელებს, განსაკუთრებით აფასებს მასწავლებლების, პედაგოგების ღვაწლსა და დამსახურებას ჩვენი საზოგადოების წინაშე. სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი კონსენსუსი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი დაფასება და ღირსეული პირობები შრომისთვის, განათლებისთვის. მიუხედავად იმისა, რა კრიტიკა და რა ამორალური უკუკავშირი შეიძლება მოდიოდეს ჩვენი ოპონენტებისგან, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქმის კეთებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აჭარაში მესამე ქალაქის მშენებლობას ვუყრით საფუძველს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში იზრდება ინვესტიციები, კერძო სექტორის დაინტერესება, რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ყველაზე მასშტაბური და მსხვილი საინვესტიციო პროექტი დაიწყო.

„ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ მივიყვანთ ყველა ამ პროექტს ბოლომდე და არავის მივცემთ საშუალებას დაიბრალონ, თითქოს მათ რაიმე ააშენეს აჭარაში ან შექმნეს. ჩვენ არ ავაშენებთ ცალკეულ ობიექტებს, ავაშენებთ ზუსტადაც რომ ქალაქებს ქალაქში“, – განაცხადა რიჟვაძემ.