ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ
ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.

ისინი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და ყველა სტუდენტს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

„გამოდით, ლექტორებო, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით!“ – ისმის შეძახილები უნივერსიტეტის დერეფნებში.

„ყველა აუდიტორიის კარს გავაღებთ და მოვუწოდებთ გამოვიდნენ! დღეს წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. გამოდით, შემოგვიერთდით!“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აქციას მართავენ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ამ წუთებში სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში დგანან და აცხადებენ, რომ ლექციებზე შესვლას იქამდე არ გეგმავენ, ვიდრე მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.

სტუდენტები ამბობენ, რომ „მათ არ ეშინიათ და არასოდეს შეეგუებიან რუსული გავლენის დაბრუნებას საქართველოში“.