ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობს. ტურნირზე დღეს სამ წონით კატეგორიაში ხუთმა ქართველმა იასპარეზა და კვარცხლბეკამდე ერთი – თორნიკე ნაგლიაშვილი მივიდა.
-66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალამდე მან სამი შეხვედრა იპონით მოიგო, ორი კი ვაზარით. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ნაგლიაშვილის ნახევარფინალური გამარჯვება ყაზახ აგიბატ აგიბაიევთან. ორთაბრძოლა მან 13 წამში დაასრულა.
რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, აქ თორნიკეს ურთულესი მეტოქე – შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის და პარიზისა და ტოკიოს დიდი სლემების გამარჯვებული იაპონელი ნაშოია ტაკატო ერგო. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, თორნიკემ მას ტოლი არაფერში დაუდო და მხოლოდ დამატებითი დროის დაწყებიდან 2 წუთსა და 24 წამში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამავე წონაში ასპარეზობდა კადეტთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ბაგრატ ნანიაშვილი, რომელმაც ჯერ უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ჭოხონელიძეს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ კი ფრანგ კევინ აზამესთან 43 წამში წააგო.
ორი ქართველი ჩაერთო მედლებისთვის ბრძოლაში -60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. პირველივე წრეში საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე, იტალიელ ანდირა კარბინოსთან დამარცხდა ზურაბ კახნიაშვილი. რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს, მან პირველი ორი ორთაბრძოლა იპონით მოიგო. ვაზარის იგებდა მერვედფინალში ჰოლანდიელ როი კოფიბერგთანაც, თუმცა საბოლოდ ეს შეხვედრა დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
მეხუთე ქართველი, რომელმაც დღეს პრაღაში იასპარეზა ალეკო მამიაშვილია. მან პირველ წრეში უნგრელ სპორტსმენთან გაიმარჯვა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში მონღოლ ძიუდოისტთან დამარცხდა და მედლის მოპოვების შანსებიც დაკარგა.
ხვალ ტურნირზე დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ტრისტან მოსხელაშვილი (-81), იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (-90) და ზაურ კენჭაძე (-100) იასპარეზებენ.