თორნიკე გურული - ახალი თაობა ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს, რაც უფრო დრო გავა, ტელევიზიას ნაკლები ადამიანი შეხედავს და მეტი ჩაერთვება სოციალურ ქსელებში
ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ახალი თაობა ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს, რაც უფრო დრო გავა, ტელევიზიას მით ნაკლები ადამიანი შეხედავს და მით მეტი ჩაერთვება სოციალურ ქსელებში, – ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, პიარის სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„სოციალურ ქსელში ასი ათასობით ქართველია რეგისტრირებული, რომლებისთვისაც ძირითადი ინფორმაციის წყარო „ფეისბუქია“. გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, ინფორმაციის მოწოდება ხშირად, „ფეისბუქიდან“ ხდებოდა, რაც საარჩევნო კამპანიებში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან სოციალური მედიის ეპოქაში ადამიანებამდე ინფორმაციის მისატანად დიდი რესურსის დახარჯვა უბრალოდ, აღარ გჭირდება“, – განაცხადა გურულმა.
მისი თქმით, ეს გზა ბევრად იაფია და ამავდროულად, შეგიძლია, სეგმენტირებულად, ზუსტად მოძებნო ის ამომრჩეველი, რომელზეც გათვლა გაქვს.
„ამ გზით შეგიძლია, ამომრჩეველთან შენი რეკლამა სეგმენტირებულად გააკეთო და შესაბამისად გქონდეს არა ერთი და ზოგადი მესიჯი, არამედ რამდენიმე, რომელსაც სეგმენტის მიხედვით შეცვლი“, – განაცხადა გურულმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, ჩაბარდა თუ არა ტრადიციული რეკლამების – ბილბორდების, პლაკატების, საგაზეთო სტატიებისა და სატელევიზიო რგოლების ერა წარსულს და რამდენად ეფექტიანია წინასაარჩევნო კომუნიკაციის ეს ფორმა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, თორნიკე გურულმა განაცხადა, რომ ადამიანი ინფორმაციას მარტივად, ერთი შეხედვით ვერ იმახსოვრებს და კომუნიკაცია რაც უფრო ბევრი არხით ექნება, ამა თუ იმ მესიჯს მით უფრო ადვილად დაიმახსოვრებს.
„ჩემს ამომრჩეველს აუცილებლად დავამახსოვრებინებ მესიჯს, როდესაც შევეცდები, მასთან ორი-სამი კვირის, თუ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვიკომუნიკაციო ყველა გზით, ტელევიზიით, რადიოთი, პლაკატით, დიდი ბილბორდითა და ინტერნეტით“, – განაცხადა თორნიკე გურულმა.