თორნიკე ჭეიშვილი - გამოწვევები არსებობს ნებისმიერი სახელმწიფოს პენიტენციურ სისტემაში, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშიაკის აკრეფა
თორნიკე ჭეიშვილი - გამოწვევები არსებობს ნებისმიერი სახელმწიფოს პენიტენციურ სისტემაში, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშიაკის აკრეფა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში მოყვანილი პრობლემების პენიტენციურ სისტემაში არსებობას არ ადასტურებს.

როგორც თორნიკე ჭეიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, ე.წ. ობშიაკი არ არის და ვერ იქნება პენიტენციურ სისტემაში, რადგან ფულადი თანხა მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ. მისივე განმარტებით, პატიმრებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთების შეძენა შეუძლიათ სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ მაღაზიებში.

რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს თუ მცდელობას, რომ ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინა, როდესაც საუბარია მსგავს ნიშნებზე, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა თუ არის, იყოს აღმოფხვრილი ასეთი ნიშნები. მეორე მხრივ, როდესაც არის ლაპარაკია ე.წ. სუბკულტურაზე, პენიტენციურ სისტემაში არსებობს ეფექტიანი მექანიზმები, რათა ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის იერარქიისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ.“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

მისივე განმარტებით, უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაშია შესული პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობა, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

„აღნიშნული ფორმატი იქნება ორიენტირებული იმისაკენ, რომ ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში იდგა დღის წესრიგში, საკანონმდებლო დონეზე იქნას აღმოფხვრილი. გამოწვევები არსებობს და გამოწვევები არსებობს ნებისმიერი სახელმწიფოს პენიტენციურ სისტემაში, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშიაკის აკრეფა. პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს, არც ერთ საკანში კონდიციონერის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთ ოთახში პრეპარატების შენახვა რომ მოხდეს სათანადო ტემპერატურაზე, არის დამონტაჟებული. რაც შეეხება პარკეტს, თითოეულ პატიმარს თავისი ლიმიტი აქვს. თუ ამ თანხის ფარგლებში მას შეუძლია გარკვეული მასალის შეძენა, რომლითაც კეთილმოაწყობს საკანს, მას აქვს ამის უფლება. სავარაუდოდ მოხდა ის, რომ პატიმრის მიერ წესების დაცვით მოხდა მისი ლიმიტის ფარგლებში მაღაზიაში შეძენა, მე-17 დაწესებულებაში მაღაზიაში იყო შესაძლებელი ყიდვა. ბარათზე დარიცხული თანხიდან აქვთ პატიმრებს ლიმიტი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ დღეს საჯარო განხილვა გაიმართა.