ტონი ბლერი - ბრექსიტი გაერთიანებული სამეფოს როლს საერთაშორისო ასპარეზზე ასუსტებს
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბრექსიტის სავალალო შედეგებზე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელა. მისი თქმით, ევროკავშირის დატოვებასთან ერთად, მნიშვნელოვნად სუსტდება გაერთიანებული სამეფოს როლი და გავლენა ევროპასა და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე.
ტონი ბლერი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ბრექსიტის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდება.
„გაერთიანებული სამეფო ისტორიულად ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე გლობალურ ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფოს ადგილი სწორედ ევროკავშირშია, რადგან ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც ევროპის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა”, – განაცხადა ტონი ბლერმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, თუ რეფერენდუმი ბრექსიტის თაობაზე ბრიტანეთში ხელახლა გაიმართება, ამჯერად ხალხი ევროპაში დარჩენას გადაწყვეტს.