თინა ბოკუჩავა - სადეპუტატო საქმიანობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ნიკა მელიას პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუწესა, არის ანტიკონსტიტუციური
თინა ბოკუჩავა - სადეპუტატო საქმიანობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ნიკა მელიას პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუწესა, არის ანტიკონსტიტუციური

დეპუტატისთვის სადეპუტატო საქმიანობის განხორციელება იმგვარი შეზღუდვით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააწესა, არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო რთული გამოსაცნობია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ასეთ საქმეებზე საქართველოში მოსამართლეები არ ხელმძღვანელობენ და არ მოქმედებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებით, მათთვის ერთადერთი დიქტატი, ერთადერთი კანონი და ერთადერთი მტკიცებულება არის ბიძინა ივანიშვილის განწყობა და ნებასურვილი.

„ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს აქვს გამძაფრებული შიშები ნიკა მელიას საჯარო აქტივობების მიმართ და რამდენად ესმის ასევე ის ძალიან სავალალო შედეგი, რასაც მიიღებს უპირველესად მისი პოლიტიკური გუნდი, თუ ხელი წაუცდება მთავარი ოპოზიციური ძალის, პოლიტიკური თავმჯდომარის წინააღმდეგ და ეცდება, რომ დააკმაყოფილებინოს სასამართლოს პროკურორების შუამდგომლობა, ვნახავთ ამას. ძალიან რთულია წინასწარ ამის თქმა, რადგან მოსამართლეები არ ხელმძღვანელობენ კანონით, ან მტკიცებულებით. ამ შემთხვევაში ივანიშვილის ნებასურვილზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.