ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართება
ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს.

სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის და ადვოკატის საჩივრების განხილვა 10:30 საათზე დაიწყება. საკითხს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი განიხილავს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ორივე მხარე ასაჩივრებს. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა და პროკურატურამ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს შაბათს მიმართა.

დაცვის მხარე კი ითხოვს აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან გაუქმდეს ის ორი შეზღუდვა, რომელიც ეხება, მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელის ინფორმირებას და ასევე შეზღუდვას იმის შესახებ, სადაც საუბარია საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტზე.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი შეზღუდვა ბუნდოვანია, რადგან უცნობია სამომავლოდ ვინ იქნება ამ საქმეზე მოწმე და მისთვის გაუგებარია კონკრეტულად რომელ პირებთან ეკრძალება მელიას კონტაქტი.

ხოლო მეორე შეზღუდვა ადვოკატის განცხადებით, არაკონსტიტუციურია, რადგან პარლამენტის წევრს ნიკა მელიას აქვს უფლება, განახორციელოს მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება შეუფერხებლად და შესაბამისად საგამოძიებო ორგანოც აღმოჩნდება ჩიხში, თუ ისინი რომელიმე შეტყობინების დროს მელიას უარს ეტყვიან საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე.

„ვასაჩივრებთ დამატებითი აღკვეთის ღონისძიების ნაწილს და მოვითხოვთ იმ ნაწილის დაკორექტირებას ან გაუქმებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენ ვასაჩივრებთ ნიკა მელიასთვის პროკურატურის თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების აკრძალვას, რაც პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია მისი, როგორც პარლამენტარის საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებასთან. მეორე, ნიკა მელიასთვის საზოგადოების გარკვეულ წრესთან კომუნიკაციის აკრძალვას, იმ მოქალაქეებთან, რომლებიც სამომავლოდ შესაძლებელია, გახდნენ მოწმეები აღნიშნულ საქმეში“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.