პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

„ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდება უსამართლოდ მიგვაჩნია. რა ღონისძიებაც არ უნდა იყოს გამოყენებული გირაოსთან ერთად, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. სწორედ ამის გამო, გავასაჩივრეთ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება და სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გულუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. საკითხს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი განიხილავს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ორივე მხარე ასაჩივრებს. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა და პროკურატურამ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს შაბათს მიმართა.

დაცვის მხარე კი ითხოვს, აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან გაუქმდეს ის ორი შეზღუდვა, რომელიც ეხება მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელის ინფორმირებას და ასევე შეზღუდვას იმის შესახებ, სადაც საუბარია საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.