თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს
თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, ისე გააქვს კანონი მეორე მოსმენით, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ვენეციის კომისიისა და ოპოზიციის აზრი.

„მათი ერთადერთი ამოცანა და ერთადერთი დღის წესრიგი დღეს ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით სასამართლო ხელისუფლებაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მმართველობა შეინარჩუნონ, იმისთვის, რომ ამ სასამართლომ თავისთავად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის სადავეები შეუნარჩუნოს. მმართველ გუნდს არც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აინტერესებს, რომელიც ზიანდება, როდესაც ვენეციის კომისიის აზრს ასე უგულვებელყოფს საქართველოს ხელისუფლება და არც ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების ხარისხი და მდგომარეობა აინტერესებს. ერთადერთი – კლანის შენარჩუნებაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, მაისურებზე წარწერით – „კლანი უნდა წავიდეს“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო  ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.