თინა ბოკუჩავა – „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს
„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, ისე გააქვს კანონი მეორე მოსმენით, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ვენეციის კომისიისა და ოპოზიციის აზრი.
„მათი ერთადერთი ამოცანა და ერთადერთი დღის წესრიგი დღეს ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით სასამართლო ხელისუფლებაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მმართველობა შეინარჩუნონ, იმისთვის, რომ ამ სასამართლომ თავისთავად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის სადავეები შეუნარჩუნოს. მმართველ გუნდს არც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აინტერესებს, რომელიც ზიანდება, როდესაც ვენეციის კომისიის აზრს ასე უგულვებელყოფს საქართველოს ხელისუფლება და არც ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების ხარისხი და მდგომარეობა აინტერესებს. ერთადერთი – კლანის შენარჩუნებაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.