The Times-ი - ტერეზა მეი მზადაა, ყოფილ რუს ჯაშუშზე თავდასხმაში რუსეთი ღიად დაადანაშაულოს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მზადაა, ორმაგ აგენტ, ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალზე თავდასხმაში რუსეთი ღიად დაადანაშაულოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
გამოცემა წერს, რომ შესაბამისი განცხადება შესაძლოა დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდეს. სხდომაზე გამოძიების ბოლო ინფორმაციას განიხილავენ.
სპეცსამსახურები მზად არიან წარადგინონ მტკიცებულებები, რომ მოწამვლის უკან რუსეთი დგას.
The Times-ის წყარო ამბობს, რომ სკრიპალის მოწამვლისთვის პასუხიმგებლობა 48 საათში იქნება წარდგენილი. საპასუხო ზომები მკაცრი იქნება, მათ შორის განიხილება: მაღალი რანგის რუსი დიპლომატების გაძევება და კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქებისთვის ვიზების გაუქმება, ასევე 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტი.
66 წლის სერგეი სკრიპალი, 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.