„თიბისი კვლევები“ - მიუხედავად ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორების დინამიკისა, წელს ეკონომიკის ზრდა მაინც 4 პროცენტზე მაღალი იქნება
„თიბისი კვლევები“ - მიუხედავად ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორების დინამიკისა, წელს ეკონომიკის ზრდა მაინც 4 პროცენტზე მაღალი იქნება

თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7 პროცენტით განისაზღვრება, – ამის შესახებ კომპანია „თიბისი კვლევების“ (TBC Research) სექტემბრის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვაში კომპანია ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ სექტემბრის დასაწყისში, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა უარყოფითი ეფექტი ლარის გამყარების შემთხვევაში ნაკლები იქნება.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ ამას სასურველი შედეგი – ლარის ეფექტური და ასევე აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა, ჯამურად ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მართალია პოლიტიკის გამკაცრება შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ ლარის აშშ დოლარის მიმართ გამყარებას საპირისპირო ეფექტი ექნება,“, – აღნიშნავს „თიბისი კვლევები და განმარტავს, რომ ამას ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობების გაუმჯობესება გამოიწვევს.

რაც შეეხება ივლისის ეკონომიკის ზრდას, კომპანიის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ამასთან, მათი შეფასებით, გარკვეული როლი დაბალმა საბაზო ეფექტმა შეასრულა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასევე, ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორები დინამიკის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, „თიბისი კვლევების“ შეფასებით, 2019 წლის ზრდა მაინც 4 პროცენტზე მაღალი იქნება.

კვლევა ტურიზმის დინამიკასაც მოიცავს და მასში აღნიშნულია, რომ რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა ივლისთან შედარებით, აგვისტოში ტურიზმის დინამიკა მნიშვნელოვანად უკეთესი იყო. ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელზე მეტად შემცირების მიუხედავად, მშპ-თან მისი მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით მაინც მაღალ დონეზეა. ანალიტიკოსების აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტის დასრულებამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი შეასრულა. ასევე „თიბისი რისერჩის“ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურ ფაზაში შესვლის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.