„თიბისი ბანკის“ მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფში“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის.
გადაწყვეტილება ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის შემდეგ მიიღო.
როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენუქიძეზე არჩევანი მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა.
ენუქიძე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2013 წელს დაინიშნა.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ გადასცეს.