მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვეს
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა დატოვეს. ისინი უწყებაში 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარეს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არც ერთი პროექტი, სადაც ის და მამუკა ხაზარაძე მონაწილეობენ, არ შეფერხდეს და პრობლემა არ შეექმნას.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკასა და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არც ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, ყოველი ასეთი ბრიფინგი, რომელიც ტარდება, იწვევს აფორიაქებას მთელს საინვესტიციო სამყაროში. ჩვენ შევეცდებით, დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ჩვენ ვართ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. განვიხილავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუტებისა და პროექტების შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და განვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.