„თიბისი ბანკის ჯგუფი“ - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს, რათა წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე
„თიბისი ბანკის ჯგუფი“ - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს, რათა წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე

„თიბისი ბანკის ჯგუფი“ (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ „თიბისი ბანკი“ რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში“, – აცხადებს „თიბისი ბანკის ჯგუფი“.

ამასთან, განცცადებაში აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეეცდებიან, კვლავ შეუერთდნენ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება.

„სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება, როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ  „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობების დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ ღამით მამუკა ხაზარაძემ დაწერა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ  გადასცეს.