თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა
თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ რაიონის 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს დადებითი შეფასება მისცა.
კომისიის წევრების განცხადებით, ფინანსური დოკუმენტის მესამე ვარიანტში მათი შენიშვნები გათვალისწინებულია და ბიუჯეტი რაიონის ინტერესებს არის მორგებული.
რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სავარაუდოდ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
თიანეთის საკრებულომ რაიონის ბიუჯეტი ორჯერ უკვე ჩააგდო. უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ შენიშვნები საბავშვო ბაღებისა და უფასო სასადილოს, გარე განათებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების მიმართულებით ჰქონდათ.
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური შექმნილ ვითარებას რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს უკავშირებს და აცხადებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულოს ვადა მარტის ბოლომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება საკრებულოსა და მერს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს და თიანეთში ხელახალი არჩევნები გაიმართება.
„3 977 200 ლარით განისაზღვრა შემოსულობები. ნაშთებმა 559 900 ლარი, მთლიანად ბიუჯეტმა კი 4 537 100 ლარი შეადგინა. გათვალისწინებული იქნა საკრებულოს მიერ მიცემული რეკომენდაციები და შენიშვნები. თერთმეტივე მხარჯავ დაწესებულებას დაემატა თანხები, მათ შორის ბაღებს კვების თანხებისთვის – 40 000, მუზეუმებს – 5 000, სპორტულ კლუბს – 10 000, კულტურის ცენტრს – 15 000 ლარი და აშ. ორშაბათს დაინიშნება რიგგარეშე სხდომა და ეს კორექტირებული ვარიანტი უმრავლესობის მხარდაჭერას დიდი ალბათობით მოიპოვებს“, – განაცხადა თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურმა.