ტერორიზმის საქმეზე მომდევნო პროცესიც ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება
ტერორიზმის საქმეზე მომდევნო პროცესიც ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება, – ამის შესახებ პირველ არხს საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განუცხადა.
ნანა ხუნჯუას თქმით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა ვერ დაასრულა და აღნიშნა, რომ პროცესი 20 ივლისს გაგრძელდება.
„დღევანდელ სასამართლოზე ჩვენ დავიწყეთ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა, საქმის მოცულობიდან, ჩადენილი დანაშაულის მასშტაბურობიდან მოპოვებული მტკიცებულებების რაოდენობიდან გამომდინარე, დასკვნითი სიტყვა გამოვიდა ძალიან მოცულობითი, რის გამოც დღევანდელ პროცესზე ვერ დავასრულეთ დასკვნითი სიტყვის თქმა და გაგრძელდება მომდევნო პროცესზეც. დასკვნით სიტყვაში მიმოვიხილავთ შევაჯერებთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მთელი ამ არსებითი განხილვის პროცესში გამოვიკვლიეთ და უტყუარად ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში მათ მონაწილეობას ხსენებულ დანაშაულში“, – საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.
პროკურორის თქმით, სასამართლოს პროცესის დროს წარმოადგინეს უამრავი უტყუარი მტკიცებულება, დაჰკითხეს მოწმეები, გამოიკვლიეს უამრავი მტკიცებულებებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შეჯერებასა და ურთიერთშესაბამისობაზე აქცენტი დასკვნით სიტყვაში გაკეთდება.
„ჩვენ აღნიშნულ საქმეზე გამოვიკვლიეთ ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ მოწმეთა ჩვენებებში გაჟღერებულ ფაქტობრივ მონაცემებსა და ამ მოწმეების ჩვენებების რეალურობას, ხოლო ეს მოწმეები ამხელენ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებები ვიდეოს სახით არის დამატებითი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მოწმეთა ჩვენებებს.
რაც შეეხება ბრალდებულ რამაზ მარგოშვილს, გამოძიებაში არჩეული ჰქონდა დუმილის უფლება. მან სასამართლოში ბოლო პროცესებზე დუმილის უფლება დაარღვია და სასამართლოს მისცა ჩვენება, მისი ჩვენებიდან გამომდინარე, იმავე დღესვე დაიწყო გამოძიება. დაიწყო მოწმეების დაკითხვა, საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დაიწყო მარგოშვილის დაკითხვა არამარტო სასამართლოში, არამედ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რადგანაც მასმედიაში გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩიმაკაძესა და ლორიას მონაწილეობას, მას სასამართლო პროცესზე არ განუცხადებია, შესაბამისად, მარგოშვილის ჩვენებაში ხდება გადამოწმება ყველა ფაქტობრივი გარემოების, თუმცა მარგოშვილის ჩვენებას ვერ შევაფასებ, რადგან გუშინ დაწყებული გამოკითხვა მისივე თხოვნით გადაიდო და უახლოეს დღეებში დაიკითხება. ვიდრე მარგოშვილის ჩვენებას არ დავასრულებთ, ვერ განვსაზღვრავთ მომდევნო საგამოძიებო მოქმედებებს და ეს შეგვიძლია განვსაზღვროთ სრულყოფილი ჩვენების შემდეგ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის ადვოკატის ინგა ბოლითაურის შეფასებით, ბრალდების მხარე მის დასკვნით სიტყვაში არ ეყრდნობოდა ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება მარგოშვილის ჩვენებას, ადვოკატის განცხადებით, ის ამხელს სუს-ის მაღალჩინოსნებს და აცხადებს, რომ ჩიმაკაძე და ლორია მარგოშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულად პროვოკაციულად მოქმედებდნენ.
ადვოკატები დასკვნითი სიტყვით 23 ივლისს გამოვლენ, სადაც ასევე დაგეგმილია ბრალდებულების სიტყვის გამოსვლაც.
ტერორიზმის საქმეზე ექვსი პირია ბრალდებული. სასამართლო მათგან ორს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება, ხოლო ოთხს ტერორიზმისთვის დახმარებას.