ნანა ხუნჯუა - ძალისხმევას არ დავიშურებ, პროკურატურის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი
ნანა ხუნჯუა - ძალისხმევას არ დავიშურებ, პროკურატურის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი

ძალისხმევას არ დავიშურებ, პროკურატურის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ახლად არჩეულმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა.

„უპირველესად, უდიდესი მადლობა ჩემს კოლეგებს ჩემი კანდიდატურის დაყენებისთვის. ეს არის მათ მიერ გამოხატული დიდი ნდობა, რაც მაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას.

საპროკურორო საბჭოში ჩემი მუშაობის პროცესში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობა იყოს ეფექტიანი, ეფექტურად განახორციელოს ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც კანონმდებლობით აქვს მინიჭებული და რომ პროკურატურის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა. მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ორი წლის ვადით დაიკავა.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან, წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას.

ნანა ხუნჯუამ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წელს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად. მანამდე კი იყო ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი (2004-2006 წწ.). 2006 წელს  მუშაობა განაგრძო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. 2014 წელს იყო ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის პოზიცია. 2015-2018 წლებში კარიერა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად. 2018 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს  სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.