ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებიდან​ - ახმედ ჩატაევმა ლორთქიფანიძე და ადეიშვილი ახსენა
ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებიდან​ - ახმედ ჩატაევმა ლორთქიფანიძე და ადეიშვილი ახსენა

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი თავის ჩვენებაში ახმედ ჩატაევთან ერთად მგზავრობის დეტალებზე საუბრობს.

მოწმის განცხადებით, ჩატაევს საქართველოში 300 000 დოლარი უნდა აეღო.

„მგზავრობისას ახმედ ჩატაევი რუსლან ალდამოვს ჩეჩნურ ენაზე ესაუბრებოდა, რა დროსაც თქვა, რომ საქართველოში ფული – 300 000 დოლარი ჰქონდა ასაღები, თუ ვისგან, არ უთქვამს. ის საქართველოში ცოტა ხნით დასვენებას და შემდეგ გამგზავრებას აპირებდა, თუ რა მიმართულებით, მას არ უთქვამს“, – განაცხადა ჩოფანაშვილმა.

ბადურ ჩოფანაშვილი ჩვენებაში რამდენიმე გვარსაც ახსენებს, მათ შორის, ლორთქიფანიძესა და ადეიშვილს.

„მგზავრობისას ახმედ ჩატაევმა გზაში შენიშნა მამაკაცი და თქვა რომ ის ზელო ხანგოშვილს გავდა. ასევე, ახსენა სანდრო ამირიძე, ლორთქიფანიძე და ადეიშვილი და ინატრა, ნეტავ შეძლებოდა მათი ნახვა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აღნიშნული პიროვნებების მიმართ იგი იმუქრებოდა“, – აცხადებს ჩოფანაშვილი.

ჩვენებაში ნახსენები პირები 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან არიან დაკავშირებული. ზელიმხან ხანგოშვილი, იგივე „დაშნა“ არაოფიციალური ვერსიით შს სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობდა, სანდრო ამირიძე ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი იყო. რაც შეეხება ლორთქიფანიძესა და ადეიშვილს – მოწმე სავარაუდოდ, გია ლორთქიფანიძეს გულისხმობდა, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და ასევე ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში. ასევე, ნახსენები ადეიშვილი კი სავარაუდოდ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, ახმედ ჩატაევი მძიმედ დაიჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბადურ ჩოფანაშვილმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ეს ჩვენება სასამართლო პროცესზე სრულად დაადასტურა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ექვსს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.