ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურორი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას განაგრძობს
ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურორი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას განაგრძობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურორი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას განაგრძობს.

პროკურორმა ნანა ხუნჯუამ დასკნითი სიტყვის წარმოთქმა ჯერ კიდევ წინა სხდომაზე დაიწყო, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე, ვერ დაასრულა. საქმე ფინალურ ეტაპამდეა მისული. დახურული სხდომის ფარგლებში დაიკითხნენ ბრალდებულებიც.

საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მათ მიერ არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილ ბრალდებას ამტკიცებს. ადვოკატები კი, საკუთარ დასკვნით სიტყვას 23 ივლისს წარმოთქვამენ. სავარაუდოდ ამ დღეს, ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.

„აღნიშნულ საქმეზე დასრულდა მტკიცებულებთა გამოკვლევა. წინა პროცესზე  დავიწყეთ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე გახლავთ ძალიან მოცულობითი, მასშტაბური და მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, შესაბამისად, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დღეს ამიტომ ვაგრძელებთ. აქცენტებს გავაკეთებთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც გამოვიკვლიეთ და უტყუარად ადასტურებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან საკმარის საფუძველს, რომ გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ერთ-ერთი დაკავებულის, შაიუფ ბორზიევის ადვოკატი გია ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის სიტყვის დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება დაცვის მხარეს ექნება.

„ბრალდების მხარე თვლის, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საფუძვლიანი არგუმენტებია. ვფიქრობთ, ეს მტკიცებულებები, განსაკუთრებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ბორზიევის მიმართ არის ძალიან სუსტი და უსაფუძვლო. დასაბუთებით ნაწილშიც მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია. დღეს წარმოვთქვავთ დასკვნით სიტყვას. ვფიქრობ, ჩვენი დამაჯერებელი სიტყვით დავარწმუნებთ სასამართლოს, რომ ბორზიევს ტერორიზმის ბრალდებასთან, ტერორისტული სახელმწიფოს და ორგანიზაციის წევრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დავუდასტურებთ სასამართლოს, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში არ იყო დაკავშირებული ტერორისტული აქტების მოწყობასთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას განსაკუთრებით თბილი და კარგი ურთიერთობა აქვს ქართველ ხალხთან“, – განაცხადა ტაბლიაშვილმა.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.