მას შემდეგ, რაც მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილს მიაღწევს და „ტერორის შვიდ წუთსაც“ გადალახავს, 19 თებერვალს, თბილისის დროით 00:55 საათზე, NASA-ს მავალი „პერსევერანსი“ წითელი პლანეტის ზედაპირზე დაჯდება. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად დასაძლევია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მარსის მისიების მხოლოდ 40 პროცენტი აღმოჩნდა წარმატებული.
ამ მისიაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ მარსის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებს უნდა ახადოს ფარდა და წარმოადგენს მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის სამომავლო მისიათა საკვანძო ნაწილს, შეიძლება ძალიან კარგი გაკვეთილი იყოს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი მავალის, „როზალინდ ფრანკლინის“ დაშვების შესახებ, რომელიც წითელი პლანეტისკენ 2022 წელს გაეშურება.
„პერსევერანსი“, რომელსაც სახელი უზუსტესად შეურჩიეს (ნიშნავს „შეუპოვრობას“), ფლორიდის ცაში 2020 წლის 30 ივლისს გაიჭრა, როდესაც დედამიწაზე კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა. ეს გახლდათ წითელი პლანეტისკენ თითქმის 500 მილიონ კილომეტრიანი მოგზაურობის დასაწყისი მანქანის ზომის მავალისა და მასში მოთავსებული მინი-ვერტმფრენის, „ინჯენუიტისთვის“ (გამჭრიახობა).
მისი დანიშნულების ადგილია ეზეროს კრატერი — 45 კმ სიგანის აუზი მდინარის ძველი, დამშრალი დელტათი, კლდეებით, დიუნებითა და ქვა-ღორღიანი ველებით, სადაც ის უძველესი, პრიმიტიული სიცოცხლის კვალს მოძებნის მარსის ზედაპირზე.
რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, მან ამჟამინდელი სიცოცხლეც იპოვოს, თუ იქ ასეთი საერთოდ არსებობს. „პერსევერანსი“ ასევე შეაგროვებს ქანების ნიმუშებს , რომელსაც სამომავლოდ, 2020-იან წლებში განსახორციელებელი სხვა მისიები აიღებენ და დედამიწაზე ჩამოიტანენ. ეს იქნება სხვა პლანეტის ზედაპირიდან აფრენის პირველი მცდელობა.
დაშვების თანმიმდევრობა
მარსზე დაშვება იმის გამოა რთული, რომ მისი ატმოსფერული წნევა ზედმეტად დაბალია, იმდენად, რომ მასში დიდი სისწრაფით მოძრავ კოსმოსურ ხომალდს შენელება სჭირდება. გარდა ამისა, ზედაპირზე დაჯდომა ავტონომიურად უნდა მოხდეს, რეალურ დროში დედამიწასთან კონტაქტის გარეშე.
„პერსევერანსის“ დაჯდომის მეთოდი წარმოადგენს 2012 წელს მარსზე დაშვებული NASA-ს მავალის, „კურიოზიტის“ მეთოდის უფრო გაუმჯობესებულ, მიზანში ამოღებულ ვერსიას.
„ტერორის შვიდი წუთი“ თბილისის დროით 00:48 საათზე დაიწყება, როდესაც დამცავი გარსი, რომელშიც „პერსევერანსი“, „ინჯენუიტი“ და დაშვების მანქანა, სახელად Skycrane-ია მოთავსებული, მარსის ატმოსფეროში 19 500 კმ/სთ სიჩქარით შევა.
სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ, მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილთან ხახუნის გამო, გარსის გარე ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, 1300 გრადუს ცელსიუსს. საბედნიეროდ, გარსის წინა ნაწილი სიცხისგან დამცავი ფარით არის დაცული.
00:52 საათზე გაიხსნება 21,5-მეტრიანი პარაშუტი და სიცხისგან დამცავი ფარიც მოსძვრება. ორი წუთის შემდეგ გამოეყოფა დამცავის უკანა ნაწილიც. ამის შემდეგ, 2,7 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი Skycrane-ი, რომელიც რვა ძრავით არის აღჭურვილი, ზედაპირიდან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან, მავალს 7,6-მეტრიანი ნეილონის თოკებით დაბლა ჩაუშვებს.
როდესაც მისი სიჩქარე 2,5 კმ/სთ-მდე შემცირდება და მავალი ზედაპირს შეეხება, თოკები გაწყდება. თბილისის დროით 00:55 საათზე „პერსევერანსი“ უკვე მარსის ზედაპირზე იქნება, დამშვები მექანიზმი Skycrane-ი კი მას მოსწყდება, გაფრინდება და უსაფრთხო მანძილზე დაეცემა.
მართალია, Skycrane-ი წარსულშიც არის გამოყენებული, მაგრამ ამჯერად დამატებულია ისეთი მახასიათებლები, როგორებიც არის ე. წ. მანძილის სასხლეტი და „ზედაპირთან შეფარდებითი ნავიგაცია“, რადგან რელიეფი, სადაც ის უნდა დაჯდეს, არც ისე ბრტყელია.
დაჯდომის სამიზნე ადგილთან მავალის პოზიციაზე დაყრდნობით, „მანძილის სასხლეტი“ განსაზღვრავს პარაშუტის გახსნის დროს. „ზედაპირთან შეფარდებითი ნავიგაცია“ თავდაპირველად რადარს, შემდეგ კი ზედაპირის პირდაპირ ფოტოებს იყენებს, რათა 600 მეტრის დიაპაზონში განსაზღვროს დაშვების საუკეთესო, ზუსტი ადგილი.
შემდეგი ნაბიჯები
ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდომის შემდეგ, „პერსევერანსს“ უკვე შეეძლება მისიის დაწყება. პირველი 30 მარსული დღის, იგივე სოლის (23 საათი, 39 წუთი და 40 წამი) განმავლობაში მოხდება მისი მწყობრში შეყვანა, სამეცნიერო ინსტრუმენტთა შემოწმება და მოკლე სატესტო ტარება.
მომდევნო 30 დღეში მოხდება ვერტმფრენ „ინჯენუიტის“ სატესტო ფრენები. ამის შემდეგ, მავალს უკვე შეეძლება ზედაპირზე ოპერაციების დაწყება.
კამერების, რადარებისა და სხვა ინსტრუმენტების გარდა, მავალს აქვს ბურღი, რომლითაც ქანებს 6 სანტიმეტრზე გაბურღავს და ნიმუშებს აიღებს. მათ ნაწილს სიცოცხლის ნიშნებზე ჩაუტარებს ანალიზებს, ნაწილს კი ლითონის 38 მილში შეინახავს, რომელსაც შემდეგ დედამიწაზე ჩამოიტანენ.
ეს კი მარსის კვლევის საკვანძო ნაბიჯებით უზრუნველგვყოფს, რადგან დედამიწის ლაბორატორიებში გაცილებით დეტალური ანალიზების ჩატარება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, გავიგებთ მარსის ნიმუშების დეტალურ კონტექსტსაც, რაც ჩვენს ხელთ არსებული მარსული წარმოშობის მეტეორიტებისგან უნდა განსხვავდებოდეს.
გაშვებისთვის მზად არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს მავალი „როზალინდ ფრანკლინიც“, რომლის გაშვებაც 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. წითელი პლანეტისკენ ის 2022 წლის 21 სექტემბერს გაეშურება და 2023 წლის 10 ივნისს დაეშვება.
„როზალინდ ფრანკლინი“ პირველი იქნება, რომელიც მარსის ზედაპირს ორი მეტრის სიღრმემდე გაბურღავს, რათა იქიდან ნიმუშები აიღოს. იმის გამო, რომ მარსის ზედაპირს დიდი ოდენობით სახიფათო რადიაცია ურტყამს, თუ იქ რაიმე სახის სიცოცხლეა, დიდი ალბათობით, ის ზედაპირქვეშ უნდა იყოს.
მავალი ესტუმრება კიდევ უფრო ძველ ადგილს, რომელიც წარსულში წყლით იყო დაფარული, ოქსია პლანუმს. სიღრმიდან აღებულ ნიმუშებს ანალიზებს თავად მავალი ჩაუტარებს, მონაცემებს კი დედამიწაზე გამოგზავნის.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.