ტერეზა მეი - ევროკავშირში რამდენიმე ათწლეულის წინ გავწევრიანდით და გასაკვირი არ არის, რომ ახლა აზრი შევიცვალეთ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის საკითხზე ლონდონში საგანგებო განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბრექსიტი პროცესია, რომელიც ორივე მხარეს – ლონდონს და ბრიუსელს სასარგებლო შედეგს მოუტანს, საკამათო საკითხებზე კი, მხარეებმა ოპტიმალურ გამოსავალს უნდა მიაგნონ.
სიტყვით გამოსვლისას, მეიმ „ბრიტანეთი-ევროკავშირის განქორიწინების“ შემდეგ ევროგაერთიანებასთან სავაჭრო ურთიერთობები ნორვეგიასა და კანადასთან დამყარებულ სავაჭრო კავშირს შეადარა.
„მინდა დავამყაროთ ღრმა და გრძელვადიანი კავშირი და თანამშრომლობა ევროკავშირთან ბრექსიტის შემდეგ. მჯერა, რომ ეს რეალურია, რადგან ამის მიღწევა ორივეს ინტერესებში შედის. ჩვენი, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა ერთმანეთს ჰგავს. ეკონომიკური თანამშრომლობა ყველას ინტერესებში შედის. გეოგრაფიული სიახლოვე გვავალდებულებს, სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმავოთ“, – განცხადა ტერეზა მეიმ.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ბრექსიტის პროცესის დასრულებისას სავაჭრო ურთიერთობების ხუთი პრინციპი დაასახელა: კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობა; არბიტრაჟის მექანიზმი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება; დიალოგისა და კონსულტაციების სიხშირე მხარეებს შორის; შეთანხმება მონაცემთა დაცვის შესახებ, მეხუთე პრინციპი კი, გულისხმობს, რომ ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთმანეთის მოქალაქეებთან კავშირი არ უნდა გაწყვიტონ.
ბრიტანეთის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ ირლანდიას მიმართა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ლონდონისთვის ჩრდილოეთ ირლანდია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, 1998 წელს გაფორმებული ბელფასტის შეთანხმება ძალაში დარჩება.
მეიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხია, რის თაობაზეც გამოსავალი ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ირლანდიამ ერთდროულად უნდა იპოვონ.
ტერეზა მეიმ საზღვრის კონტროლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საზღვარი მიგრაციის შესაჩერებლად უფრო მეტად გაკონტროლდება. თუმცა ასევე იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს არაერთ მოქალაქეს კვლავ მოუნდება ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ან სამუშაოდ წასვლა.
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებსაც ექნებათ სურვილი ჩამოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში სწავლის ან მუშაობის მიზნით და ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.