ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრს გამოძიების დასრულებამდე აკრედიტაცია შეუჩერდება
ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრს გამოძიების დასრულებამდე აკრედიტაცია შეუჩერდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრს გამოძიების დასრულებამდე აკრედიტაცია შეუჩერდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, ტექინსპექტირების ცენტრებს ლიცენზიაც შეუჩერონ.

აკაკი საღირაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით.

როგორც აკაკი საღირაშვილმა განმარტა, სამინისტრო მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც მათ მიმართვაზე დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინა და დარღვევები გამოავლინა.

„ამ ეტაპზე, ჩვენ ვგეგმავთ შეჩერების მექანიზმი ათივე ცენტრის მიმართ ავამოქმედოთ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომ ეტაპზე, მათი ლიცენზიის გაუქმების საკითხი დავაყენოთ.

თავის დროზე, ყველას შევუწყვეთ ხელი, რომ მათი ცენტრები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოეყვანათ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის წესები. ასეთი ცენტრების მიმართ ყოველთვის ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს, რეგლამენტში შეიტანოს ცვლილება, რათა ცენტრებზე მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმები დანერგონ.

როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში სულ ტექინსპექტირების 40 ცენტრი არსებობს, ხოლო ერთი აკრედიტაციას გადის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა.