ტექდათვალიერების ცენტრების ზედამხედველობა მკაცრდება
ტექდათვალიერების ცენტრების ზედამხედველობა მკაცრდება

ტექდათვალიერების ცენტრების ზედამხედველობა მკაცრდება. თუ აქამდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, 28 იანვრიდან მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას ლაივ-კამერების საშუალებით, 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს.

ტექნიკურ რეგლამენტში ნათქვამია, რომ ინსპექტირების ცენტრები ვალდებული არიან, დაამონტაჟონ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ვიდეოკადრში სანომრე ნიშანი უნდა ჩანდეს მკაფიოდ და გარკვევით, ვიდეოგამოსახულების კადრში ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი. ასევე კამერების რაოდენობა და თითოეული კამერის ხედვის კუთხე ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ინსპექტირების თითოეული სატრანსპორტო საშუალებისა და მის გარშემო პერიმეტრის ხედვის შესაძლებლობას.

ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, კამერის რეზოლუცია უნდა იყოს არანაკლებ ორი მეგაპიქსელისა. გარდა ამისა, ჩანაწერები მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს და ხარვეზის გამოსწორებამდე შეაჩეროს ინსპექტირების პროცესი ტესტირების სივრცის იმ ნაწილზე, სადაც შეიზღუდა ვიდეომეთვალყურეობა.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლიათ ისარგებლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა.

„კამერები, რაც არის დამონტაჟებული, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება. ვიდეომეთვალყურეობის ტრანსლირება უნდა იყოს უწყვეტ რეჟიმში, რომელზეც წვდომა იქნება საჯარო. ჩაწერები ახლაც ხდება, მიდის ხოლმე ლაივ რეჟიმში, მაგრამ ზოგიერთი ტესტირების ცენტრები ღამე რომ არ მუშაობენ, ღამე აღარ იწერენ, ეს არის განსხვავება. 28 იანვრიდან ამას მიეცემა კანონის სახე.

ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა უნდა იქნეს არანაკლებ 14 თვის ვადით. გარდა ამისა, თუ აქამდე ორი ფოტოსურათი უნდა ყოფილიყო ავტომობილის წინა და უკანა ხედვის, ახლა დაამატეს კიდევ სათვალთვალო ორმოდანაც, ქვევიდან სურათის გადაღება. სამგზავრო ტრანსპორტის შემთხვევაში, სალონის სურათიც უნდა იყოს“, – განუცხადა პირველ არხს ავტომობილის ინსპექტირების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა.

დატოვე კომენტარი