ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს.

როგორც პირველ არხს ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელშიც ჩართული არიან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტი, რომელიც ინსპექტირების პროცესის მცირედით გამარტივებას გულისხმობს, მთავრობის სხდომაზე გავა.

„ტექნიკური ჯგუფი გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით.მაგალითად, თუ აქამდე ავტომობილის საქარე მინაზე ყველანაირი დაზიანება ხარვეზად მიიჩნეოდა, ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად დაზიანება არაუმეტეს ხუთი მილიმეტრისა, დასაშვები გახდეს. ამასთან, ხარვეზად არ იქნება მიჩნეული ფერის საკითხიც. მაგალითად, როცა მითითებულია ლურჯი ფერი და ცენტრში ინსპექტირების მიზნით შემოსვლისას იდენტიფიცირება ვერ ხდება, მიკრულია სარეკლამო სტიკერი, სახურავი ან საბარგული სხვა ფერია და ა.შ.  საკითხს იურისტები განიხილავენ. როცა მთავრობის სხდომა დაინიშნება, ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევა“, – განუცხადა პირველ არხს ვაჟა იორდანიშვილმა.

ასოციაციის ხელმძღვანელი მძღოლებს მოუწოდებს, კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართონ ინსპექტირების ცენტრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ამ დროისთვის, ტექნიკური ინსპექტირება 50 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, ხარვეზი 24 ათასს დაუდგინდა.