ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა გაიხსნება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნება. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი სატოში მიჰარა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, COMET-ის საერთაშორისო კოლაბორაცია წელიწადში ერთხელ იაპონიის გარეთ ე.წ. გასვლით სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1-5 ოქტომბერს მასპინძლობს.
„ქართული მხარე, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერ-მკვლევრები საინჟინრო ფიზიკის დარგში აქტიურად არიან ჩართული CM26 -COMET (COherent Muon to Electron Transition) საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც 2007 წელს იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითმა ორგანიზაციამ (KEK) ჩამოაყალიბა.
სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს KEK-ის უნიკალური COMET ექსპერიმენტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებში. სტუ-ის ჯგუფი COMET ექსპერიმენტში უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი. COMET კოლაბორაცია იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) ბაზაზე ახალი, ამბიციური ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს. ამ მიზნით, COMET კოლაბორაციას განზრახული აქვს, მოსინჯოს ახალი ფიზიკის არსებობა ე.წ. ლეპტონურ სექტორში.
შესაბამისად, COMET ექსპერიმენტი ორი მთავარი პრობლემის დაძლევის წინაშე დგას: 1. ააგოს ამაჩქარებელი, რომელიც ექსპერიმენტულ დანადგარს რეკორდული ინტენსივობის მიონების ნაკადს მიაწვდის; 2. შექმნას დეტექტორების სისტემა, რომელიც მგრძნობიარე იქნება ასეთი იშვიათი პროცესების მიმართ“, – აცახდებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.