თენგიზ ფხალაძე - ანგელა მერკელის ვიზიტისას განხილვის მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები
საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, -ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება ფართო დღის წესრიგი, რომელიც არსებობს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში.
„თავისთავად ცხადია, რომ ვიზიტის დროს ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. გარდა ამისა, განხილული იქნება ის საკითხები რამაც უფრო უნდა აამაღლოს და ინტენსიური გახადოს ჩვენი და გერმანიის ურთიერთობები, საუბარია სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებზე და თავისთავად ცხადია, განხილული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა საკითხი, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში“, -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, რაც საქართველოს უფრო მეტად დაცულს გახდის.