თენგიზ ფხალაძე - ნატო-ს სამიტზე ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად და ღირსეულად ასახვას
თენგიზ ფხალაძე - ნატო-ს სამიტზე ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად და ღირსეულად ასახვას

ნატო-ს სამიტზე ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად და ღირსეულად ასახვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ელოდებიან იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარს, რომლებიც აუცილებელია, გადაიდგას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

„საქართველოს პრეზიდენტი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ეს იქნება გახსნილი დიალოგი და დისკუსია ყველა იმ გამოწვევაზე, უსაფრთხოების კონტექსტზე, სადაც დღეს იმყოფება საქართველო. ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სამიტი იმართება რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში. მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას ექნება, გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საქართველო იყოს უფრო დაცული და დავაჩქაროთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

ველოდებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად და ღირსეულად ასახვას. ველოდებით საუბარს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია გადაიდგას, რათა საქართველო იყოს უფრო დაცული, უფრო მეტად ინტეგრირებული ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში და დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

კონსენსუსი არ არის და საქართველო მუშაობს კონსენსუსზე. საქართველო მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას შესაძლებლობების ის ფანჯარა, როდესაც შესაძლებელი გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს გააჩნია ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც ნატო-ს წევრობისთვის მზადებისთვის არის აუცილებელი.

მზადების პროცესის გარდა, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მზადება, რომელიც შესაძლებლობის გაჩენის შექმნას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გულისხმობს ამ ერთიანი სტრატეგიის ხედვის გაზიარებას, საუბარს ამ სტრატეგიაზე, პოლიტიკაზე, რომელმაც ეს შესაძლებლობა უნდა შექმნას“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.