თენგიზ ფხალაძე - საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია
თენგიზ ფხალაძე - საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია.

“ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ხაზგასასმელია – ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ და ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ. იმავდროულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. დაბოლოს, თავისთავად ცხადია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.