თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში „კოვიდ-19“-ის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა, ამ პერიოდში სტრატეგიულად ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში „კოვიდ-19“-ის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა, ამ პერიოდში სტრატეგიულად ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას

კოვიდპანდემიამ დღეისთვის იმსხვერპლა ორ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა, ასეთი მასშტაბის პანდემია, ან ეპიდემია 21-ე საუკუნეში არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების პირველი შემთხვევა შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამ ერთმა წელმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში. ხვალ სრულდება ზუსტად ერთი წელი და ამ ერთმა წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ძალიან ბევრი რამ ისწავლა მსოფლიომ, მათ შორის ჩვენ, საქართველომ. დავიწყოთ იმით, რომ როცა პანდემია იწყებოდა, არავის არ ეგონა თუ ეს იქნებოდა ესეთი მნიშვნელობის პრობლემა. კოვიდპანდემიამ დღეისთვის იმსხვერპლა ორ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი და ავად გახდა 12 მილიონზე მეტი. ასეთი მასშტაბის პანდემია, ან ეპიდემია 21-ე საუკუნეში არ ყოფილა. მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ე.წ ისპანკის სახელწოდებით ცნობილი. კოვიდპანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო ყველა მიმართულებით, როგორც ჯანმრთელობისა და ადამიანის ხელყოფის მიმართულებით, ისე ეკონომიკის პრობლემების მიმართულებით და ცხოვრების დონის გაუარესების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში მათ შორის საქართველოში“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსი უკიდურესად არაპროგნოზირებადია.

„როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში. ძალიან სერიოზულად აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას და იწვევს თრომბების გაჩენას და თრომბოემბოლიზმს. ეს დაავადება უკიდურესად არაპროგნოზირებადია. ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში პანდემიის დაწყების პირველივე თვეებიდან შეიმუშავეს და პრაქტიკაში დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი. ყველაფერმა ამან საშუალება მოგვცა, რომ შეგვექმნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამსახური კოვიდის საწინააღმდეგოდ. მე მხედველობაში მაქვს კოვიდპაციენტების კლინიკური მართვა. ეს იყო ძალიან ეფექტური. ამას ხელი შეუწყო ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან სერიოზულმა და წარმატებულმა მუშაობამ. ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლე დროში მოახდინა საწოლების მობილიზება, შვიდი ათასი საწოლის მობილიზება იყო. ასეთი რაოდენობა საწოლების მილიონ მოსახლეზე არ ჰქონდა არც ერთ ქვეყანას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს სიკვდილობის ძალიან დაბალი პროცენტი.

„საქართველოს ევროპაში აქვს, ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. საქართველოზე დაბალი პროცენტი აქვს რამდენიმე ქვეყანას. ეს არის დასაფასებელი. საქართველო ბევრად მწირი რესურსების ქვეყანაა, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ეს არის უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი მუშაობდა დიდი წარმატებით. თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, სტრატეგიულად ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას, და არა მარტო ჩვენი რესურსების.

„თუ ლაპარაკია ცალკეულ ჩავარდნებზე, რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნები. ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო. მაგალითად სერიოზული ხარვეზი და ჩავარდნა იყო – როცა ჩვენ მოვახერხეთ გაზაფხული-ზაფხულზე პრაქტიკულად თავიდან აგვეცილებინა პირველი ტალღა და ეს მაშინ პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სახელისუფლებო გუნდის დამსახურება იყო, ნაკლებად ჩვენი კლინიკური ჯგუფის, ვინაიდან ავადმყოფები ძალიან ცოტა იყო. მანდ დავუშვით სერიოზული შეცდომა, როცა ადრე ვირწმუნოთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ, რომ კოვიდი აღარ წარმოადგენდა საფრთხეს და პრაქტიკულად ყველაფერი გავხსენით. იყო დიდი მობილობა, მოსახლეობამ შეწყვიტა პირბადეების ტარება. იყო ქორწილები, ქელეხები და ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ შემოდგომაზე მივიღეთ მკვეთრი მატება და ის უმძიმესი პერიოდი საქართველოსთვის, როცა დღეში ხუთი ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ერთი პერიოდი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ეს კი ჩავარდნა. ამ ჩავარდნამ და რაოდენობამ აჩვენა მდგრადობა ჩვენი სისტემის. მაინც არ ჩამოიშალა ჯანდაცვის სისტემა. ხარვეზებით, დაგვიანებით, მოსახლეობის უკმაყოფილების ხარჯზე, მაგრამ მაინც უმკლავდებოდა. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ადრე ვირწმუნეთ დამარცხება კოვიდის და მოხსენით პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა. ამან გამოიწვია ის ხარვეზები, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ყველა დანარჩენი პერიოდი იყო წარმატებული მართვა და აწყობილი სისტემა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.