თენგიზ ცერცვაძე - პანდემიის დროს ცარიელ საწოლზე რომ ხარჯი იქნა გაწეული, ეს გარდაუვალია, რაც შეეხება რეზერვში ფულის გადახდას, უფასოდ ვინ შეინახავს რეზერვს
თენგიზ ცერცვაძე - პანდემიის დროს ცარიელ საწოლზე რომ ხარჯი იქნა გაწეული, ეს გარდაუვალია, რაც შეეხება რეზერვში ფულის გადახდას, უფასოდ ვინ შეინახავს რეზერვს

პანდემიის დროს ცარიელ საწოლზე რომ ხარჯი იქნა გაწეული, ეს გარდაუვალია, რაც შეეხება რეზერვში ფულის გადახდას, აბა, უფასოდ ვინ შეინახავს რეზერვს, მაშინ, ხომ გაკოტრდებიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, რომ ცარიელ საწოლზე ხარჯი იქნა გაწეული, პანდემიის დროს ეს გარდაუვალია. აბა, როგორ შეინახავთ ისე ცარიელ საწოლებს?! დავუშვათ, დღეს გყავთ 6 000 ავადმყოფი, დაკავებული გაქვთ 6 000 საწოლი, ცარიელი არც ერთი საწოლი არ გაქვთ და ხვალ გაჩნდა 1 000 ახალი ავადმყოფი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, იმათ სად წაიყვანთ? რეზერვი აუცილებლად უნდა იყოს. რაც შეეხება რეზერვში ფულის გადახდას, აბა, უფასოდ ვინ შეინახავს რეზერვს, მაშინ, ხომ გაკოტრდებიან?! ეს იგივეა, სასტუმრო დაავალდებულოთ, რომ ცარიელი ოთახები ჰქონდეს და ხარჯი არ გასწიოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პრეტენზიას არ იღებს იმ მიმართულებით, რომ 40 პროცენტში თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მან არ იცის, რამდენ პროცენტში იხარჯებოდა არამიზნობრივად და ეს მინისტრმა უკეთესად იცის, მაგრამ პანდემიის დროს თვითონ საწოლების ფაქტი ქვეყნის მიღწევა იყო და არა დანაშაული.

„არ მგონია, რომ 40 პროცენტში იხარჯებოდა არამიზნობრივად. შეიძლება, იხარჯებოდა, ეს მინისტრმა უკეთესად იცის, მაგრამ პანდემიის დროს თვითონ საწოლების ფაქტი ქვეყნის მიღწევა იყო და არა დანაშაული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ოპონენტები სულ იმას საყვედურობდნენ, რომ საქართველომ ვერ მოახერხა საწოლების მობილიზება, მაგრამ სინამდვილეში, ჯანდაცვის სისტემამ საწოლების მობილიზება მოახერხა.

„ამბობდნენ, ხვალ ავადმყოფების რაოდენობამ რომ მოიმატოს, ვერსად წავიყვანთ, ქუჩაში აღმოჩნდებიან, ან ბინაში მოკვდებიანო. ეს იყო მთავარი ბრალდება, მაგრამ ამ სიტუაციაში დიახ, ჯანდაცვამ მოახერხა 9 000 საწოლის მობილიზება და მათგან 7 500 დაკავებული იყო. დღეში 30 000 შემთხვევა რომ იყო, პანდემია რომ ქვემოთ უცებ არ წამოსულიყო, დამიჯერეთ, ერთ-ორ კვირაში ის 9 000 საწოლიც შეივსებოდა და უფრო მეტიც იქნებოდა საჭირო. საველე ჰოსპიტლების გახსნაზე იყო ლაპარაკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.