თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სააღდგომო დღესასწაული რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს აუცილებელი რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან. ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის გამოყენებაზე.
„შეზღუდვებით, რაც დაწესდა, ვარაუდია, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სულ მცირე ამ დონეს. შეზღუდვების შესახებ იცით, კომენდანტის საათი რჩება, აღდგომის ღამეს იქნება გამონაკლისი. ერთადერთი ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა 2-3 და 4 მაისს, მხოლოდ სამი დღით. რეკომენდაციები არის ცალსახა, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება. სააღდგომო რეკომენდაციაა, პირბადის ტარება და სადაც შეიკრიბებით, ლიტურგიაზე დისტანციის დაცვა.
ძალიან გამიხარდა, რომ 40 პროცენტიდან 70 პროცენტზე ავიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. თუ 90 პროცენტზე ავა, ეკლესიაშიც შეუძლიათ მივიდნენ და არაფერი არ აისახება უარყოფითად. პირბადე უნდა ვატაროთ. ხანმოკლე პერსპექტივაში, ჩვენი გადარჩენის საშუალება არის პირბადეები და ხანგრძლივ პერსპექტივაში მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.