თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე აუცილებლად აღმოიფხვრება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, კიბერშეტევა არ იმოქმედებს ორშაბათიდან მასობრივი იმუნიზაციის პროცესის დაწყებაზე.
„კიბერშეტევას ყველგან და ყველაფერზე ახორციელებენ ჩასაფრებული ადამიანები და ქვეყნის მოწინააღმდეგეები. 21-ე საუკუნეში, როგორც ჩანს, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ და ეს ძალიან ცუდია. ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, უზნეობა ძალიან რბილი ნათქვამია. რაღაცაში შეიძლება, გამოიყენო არაკანონიერი მეთოდები, მაგრამ როცა საქმე ეხება მასობრივ ვაქცინაციას, როცა საქართველოში ისედაც დაგვიანდა ვაქცინაცია და ვდგავართ ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე. ერთადერთი გამოსავალი არის მასობრივი ვაქცინაცია. დაიწყო ქვეყანამ. თქვენ კარგად იცით, რის ფასად დაიწყო. ჩარეული იყო მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, პირადად პრემიერი და მოახერხეს ჯერ ერთი მილიონი დოზის შოვნა, შემდეგ კიდევ შემოვა ერთი მილიონი და წლის ბოლოს კიდევ 4 მლნ. ანუ საქართველომ, ჯანდაცვამ მოსახლეობას შეუქმნა იმის პირობა, რომ დაიწყოს მასობრივი იმუნიზაცია, რათა გადავირჩინოთ თავი კოვიდის ფართო გავრცელებისგან, მაღალი სიკვდილობისგან, რომელიც საწინდარია, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას რომ ვიღაც ხელს უშლის, ის ადამიანი არ არის. ეს სცილდება ჩვეულებრივი დაპირისპირების, ქიშპობის ან რაღაც ოპონირების ფარგლებს, თუ ეს ასეა.
რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ეს ფაქტი ორშაბათიდან მასობრივი იმუნიზაციის პროცესის დაწყებაზე, ვფიქრობ, არ იმოქმედებს. ეს ტექნიკური ხარვეზი აღდგება აუცილებლად დღეს დღის ბოლომდე. კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ყოველ შემთხვევაში, იმდენი ადამიანი მაინც დარეგისტრირდეს, რომლებიც პირველ დღეებში უნდა აიცრან, ორშაბათ-სამშაბათს. თუ არა, ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც კი დაუშვან ვაქცინაცია ამცრელ პუნქტებზე. მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებების, თუ არ ვცდები 150 და 300-ზე მეტი ბრიგადაა მზად. ყველაფერია იმისთვის გაკეთებული, რომ დღეში 20 000-22 000 ადამიანი აიცრას, რაც იქნება იმის გარანტია, რომ წლის ბოლოსთვის გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, 60%-ზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა, ახლა ეს პროცესი ისეთ ტალღაზეა, რომ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ცერცვაძის განცხადებით, საჭიროა მხოლოდ მოსახლეობის სურვილი და თანამშრომლობა, რომ აიცრან.
„შერცხვეთ, თუ აქვთ სირცხვილის გრძნობა იმ ადამიანებს, მათ შორის ექსპერტებს, ექიმებს და მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ ექიმებს, ყველას არა, ზოგიერთს, რომლებიც პირდაპირ დებდნენ პოსტებს და ამბობდნენ, რომ საქართველომ, გარდა იმისა, რომ ვერ შეძლო ვაქცინაციის ორგანიზება და მობილიზება, ის არ ფლობს სათანადო ცოდნას და რესურსს, მოახდინოს ვაქცინაციის დროს განვითარებული გართულებების მართვა. პირდაპირ ამბობდნენ, რომ მე მაგალითად ვერ დავაყენებ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ და საქართველოში არ ავიცრებიო. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ მოსახლეობა არ აიცრას. ესენი იმ ადამიანებზე არანაკლებ საზიანო არიან, ვინც კიბერშეტევა განახორციელა. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა, ჩავარდა, მოდი, ასე ვთქვათ, ახლა ის ისეთ ტალღაზეა, რომ ყველაფერი უზრუნველყოფილია. რაღა დარჩა, მოსახლეობის სურვილი და თანამშრომლობა, რომ აიცრან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა და პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.