თემურ მღებრიშვილი - გურიაში, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხდება გზების გაწმენდა, ვცდილობთ, მივიდეთ ყველგან, სადაც შეიძლება, დახმარება სჭირდებოდეთ
გურიაში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა დღის განმავლობაში. ვცდილობთ, ყველა სოფელში მივიდეთ, სადაც შეიძლება, ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი, ასევე ნავები, კინოლოგიური სამსახური. ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც ტრანსპორტის მეშვეობით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცა ფეხით მივედით თითოეულ მოქალაქესთან, რომელთანაც სატრანსპორტო საშუალებებით ვერ მივაღწიეთ. მისულები არიან რწმუნებულები და საჭიროებების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება თუ სხვა საჭირო საშუალებები, მოსახლეობას მიწოდება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.