თემურ კეკელიძე - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდეს
თემურ კეკელიძე - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდეს

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ალიანსთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების განხორციელებისათვის, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა თემურ კეკელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის სამიტზე გადაწყვიტა ალიანსმა, განავითაროს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

„ამ პრაქტიკულ თანამშრომლობას იმპლემენტაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ალიანსთან პრაქტიკული კუთხით, ისევე როგორც ალიანსის სარდლობასთან, მის სხვა ელემენტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩვენი მხრიდან შესასარულებელი ვალდებულებების განხორციელებისათვის.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ამ ბრიუსელის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მოხდა გარკვეული ახალი ელემენტებით შევსება. აღნიშნული ინიციატივების დეტალების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო სფეროში, ისევე როგორც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის, კიდევ უფრო გააღრმავოს და გახადოს უფრო მეტად აქტიური“,- განაცხადა კეკელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას, ფოთში ელოდებიან ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ხომალდებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენს შორის საზღვაო სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის. ეს არის კიდევ ერთი მიმართულება პრაქტიკული კუთხით ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- აღნიშნა თემურ კეკელიძემ.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა. საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.