მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა სასამართლოში ექვსი საათი გაგრძელდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. ელჩინ ალახვერდიევი მოსამართლის წინაშე კითხვებს დახურულ სხდომაზე პასუხობდა.
პროკურორის განმარტებით, მოწმემ ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და მკაფიოდ მიუთითა ოთხივე ბრალდებულზე.
„დაზარალებულმა სასამართლოს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია. მან პირდაპირ მიუთითა ოთხივე ბრალდებულზე და ოთხივე ამხილა იმ დანაშაულში, რომელიც მათ ბრალად ედებათ.
გარდა ამისა, მოწმემ დეტალურად აღწერა განვითარებული მოვლენები და მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ის ყვება სიმართლეს. მისი ჩვენება გამომდინარეობს საქმის სხვა მასალებიდან, ამიტომ იმედი გვაქვს, მოსამართლე ამ ჩვენებას გაიზიარებს და საფუძვლად დაუდებს გამამტყუნებელ განაჩენს“,- განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატების განმარტებით, დღევანდელმა სხდომამ დამატებითი კითხვები გააჩინა. როგორც გაგი მოსიაშვილი აცხადებს, მოწმის ძველ ჩვენებასა და დღევანდელ დაფიქსირებულ პოზიციას შორის ბევრი უზუსტობაა.
„ეს ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან მან ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ე.წ. დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობასთან და ეს შესაფასებელია სასამართლოს მხრიდან.
მან ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა, რომელიც არის ურთიერთგამომრიცხავი, თუნდაც გამოძიებაზე მის მიერ მიცემულ ჩვენებასა და დღეს დაფიქსირებულ პოზიციას შორის. ამიტომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში გვაქვს იმედი, რომ ბატონი აბაზოვი გამართლდება“, – განაცხადა მოსიაშვილმა.