თემქაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს
თემქაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს

თემქაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში ასევე იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

„შემთხვევის ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.