თემქაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაღუპული ქალის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს
თემქაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში გარდაცვლილი ქალის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს.
პოლიციის შენობაში იმყოფება გარდაცვლილის მეუღლეც. უკვე დაიკითხა რამდენიმე მეზობელიც.
ცოტა ხნის წინ, პოლიციის შენობა დატოვეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა. სავარაუდოდ, სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი ბინაში, რომელშიც ხანძრის ჩაქრობის მიზნით მივიდნენ.
თემქის მე-11 მიკრორაიონში, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
როგორც ახლობლები ამბობენ, 62 წლის ქალი დილის საათებში სახლში მარტო იმყოფებოდა. მეზობლებმა ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. ახლობლების თქმით, 62 წლის ქალი მოკლულია და ბინიდან თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული, რომელიც ოჯახმა ლომბარდიდან ცოტა ხნის წინ დაიხსნა. ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, დამნაშავე გარდაცვლილს იცნობდა, რადგან მან სახლში შეღწევა მარტივად შეძლო.
„ქალს ეცვა საღამური და ის უცხოს ასე ჩაცმული კარს არ გაუღებდა“, – აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თემქაზე, მე-11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.